გიორგი გახარია

გახარია: ტატუნაშვილის გმირობის მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა, ეს მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ

საქართველოს მთავრობა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სოფელ წილკანში ჩავიდა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. შეხვედრის შემდეგ გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"მივუსამძიმრეთ ოჯახს და აღვუთქვით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდში ვედგეთ ოჯახს, რასაც ვცდილობთ გავაკეთოთ და გავაგრძელებთ ყველა, სადაც ვიქნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა ის არის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ხომ ეს იყო - ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ, ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლებით, ომით და უბედურებით." თქვა მან.

არჩილ ტატუნაშვილი, ყოფილი სამხედრო, რუსმა ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და მოკლეს, ოჯახს მისი ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, 26 დღის შემდეგ გადასცეს. 

მისი მკვლელობის საქმე სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც არის შეტანილი.

კომენტარები