ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულებზე თავდასხმაზე: თითქოს შუა საუკუნეების ევროპაში ვიყავით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 თებერვალს უკრაინაში ჩინეთიდან ევაკუირებულ პირებზე თავდასხმა გააკრიტიკა

"ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა ევროპაშია, მაგრამ გუშინ ჩანდა, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ვიყავით," - თქვა ზელენსკიმ.

მან განაცხადა, რომ ვიღაცამ განზრახ და გამიზნულად ხალხში პანიკა დათესა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით გავრცელდა ყალბი ელექტრონული წერილი, რომელშიც თითქოს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ევაკუირებულთაგან რამდენიმე ახალი კორონავირუსით არის დაავადებული.

არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. უკრაინაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პოლტავას რეგიონში, ნოვიე-სანჟარის გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინელები ჩაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინში მოთავსებული. 45 უკრაინელი და 27 უცხოელი ჩინეთის ვუხანის პროვინციიდან ხარკოვში 20 თებერვალს ჩაიყვანეს.

მათი ჩასვლა გააპროტესტა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა. ათობით ადამიანი ავტობუსებს, რომლებსაც ჩინეთიდან ჩამოსული პირები გადაჰყავდა, თავს დაესხა. გზის გასაწმენდად პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი. დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 20 მომიტინგე დააკავეს, მათი უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს. შემთხვევის შედეგად 9 პოლიციელი დაშავდა.

ევაკუირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად კარანტინში მათთან ერთად უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ზორიანა სკალეტსკა დარჩება. ის სამინისტროს სკაიპით უხელმძღვანელებს.

უკრაინის დიპლომატიური მისიის მიხედვით ჩინეთში დარჩნენ 3 უკრაინელი და ყაზახეთის 1 მოქალაქე, რადგან მათ მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ.

დღევანდელი ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაავადების 77 662 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 76 291 კონტინენტურ ჩინეთში. ვირუსს 2 360 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 11 ჩინეთის საზღვრებს გარეთ. 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ 26 ქვეყანაში დადასტურდა ვირუსით დაავადება. 

ახალი კორონავირუსით დაავადებულთაგან 21 0 29 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. ასევე ქვეყებმა ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.

კომენტარები