ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ ევროპული საქართველოს ოფისთან აქტივისტები დღესაც გაგზავნა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

ქართულმა ოცნებამ ევროპული საქართველოს ოფისთან აქტივისტები დღესაც გაგზავნა.

აქ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ახალგაზრდა აქტივისტებს უწოდებენ, მე-4 დღეა, ითხოვენ, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის მანდატზე უარი თქვან. მიზეზად დეპუტატების მიერ 18 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

მათი თქმით, პარლამენტი სიმბოლური ადგილია, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის არაერთმა "მათმა თანატოლმა სიცოცხლეც კი დათმო" და ხოშტარიას და ნადირაშვილის პარლამენტში ყოფნა სწორედ ამ ადგილას "რუსულენოვანი და პრორუსული" ჰიმნის ჩართვის გამო არის მიუღებელი.

ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.

19 თებერვალს ქართული ოცნების აქტივისტები, იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს პარტიის ოფისთან იმყოფებიან, ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას რესტორანში სადილობისას შეუცვივდნენ იმავე მოთხოვნით - დატოვოს პარლამენტის მანდატი.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები