აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ნევადაში დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა

ბერნი სანდერსი

ნევადის შტატში დემოკრატიული პარტიის შიდა პრაიმერში ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა. ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 43%. ვერმონტის სენატორმა ხმათა 46% მიიღო. 

მეორე ადგილზე 20,7%-ით აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია. მესამე ადგილი 15,1%-ით საუტ-ბენდის ყოფილი მერმა, პიტ ბუტიჯეჯმა დაიჯავა, ხოლო მეოთხე ადგილს 9,5%-ით მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი იკავებს. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც დამყარებული იქნება თანაგრძნობაზე, სიყვარულზე და სიმართლეზე, ჩვენ გავიმარჯვეთ არამხოლოდ ნევადაში, არამედ მთელ ქვეყანაში", — განაცხადა ბერნი სანდერსმა. 

ნევადაში ბერნი სანდერსის გამარჯვებას, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე გამოეხმაურა. "გილოცავ ბერნი, არ მისცე მათ საშუალება წაგართვან გამარჯვება", — ეწერა დონალდ ტრამპის ტვიტში. 

პირველი კოკუსი აშშ-ში 3 თებერვალს აიოვას შტატში გაიმართა, სადაც პიტ ბუტიჯეჯმა გაიმარჯვა, ხოლო ბერნი სანდერსმა მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ნიუ-ჰემფშირში ჩატარებულ პრაიმერის აქ სწორედ სანდერსმა გაიმარჯვა, ხოლო ბუტიჯეჯი მეორე ადგილზე გავიდა. რესპუბლიკური პარტიიდან ორივე შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

შემდეგი პრაიმერი 29 თებერვალს სამხრეთ კაროლინაში გაიმართება.

კომენტარები