სსრკ-ს ჰიმნი პარლამენტში

პრეზიდენტი: ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში გააჟღერა სსრკ-ს ჰიმნი, ეს იუნკრების შეურაცხყოფაა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება იუნკერების შეურაცხყოფაა". ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და მთლიანად საზოგადოება არ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი. ეს არის ამათი [იუნკერების] შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება "- ამბობს ზურაბიშვილი. 

18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი, შევიდნენ და სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

"ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის ამ ხელისუფლების ჰიმნი, ამის ფონზე უნდათ ცხოვრება, მაგრამ არ ექნებათ ამის კომფორტი - ჩვენს ქვეყანაში არ იქნება საბჭოთა კავშირი, მუდმივად ექნებათ მათ ეს დისკომფორტი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები