ახლო აღმოსავლეთი

დიმიტრი პესკოვი: იდლიბში მყოფი ბოევიკები შეიარაღებას თურქეთიდან იღებენ

0 კომენტარი
ფოტო: interfax

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, თურქეთი სოჩის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. 

სოჩის ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის 2018 წელს გაფორმდა და იდლიბის დემილიტარიზებული ზონად გამოცხადებას ითვალისწინებდა. პესკოვის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით თურქეთს ერთმანეთისგან უნდა განეცალკევებინა იდლიბის პროვინციაში მყოფი ბოევიკები მშვიდობიანი მოსახლეობისგან.

პესკოვის თქმით, თურქეთი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და პირიქით იდლიბში მყოფ ბოევიკებს აიარაღებს. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თურქეთს მოქმედებები კონფლიქტის დეესკალაციას უშლის ხელს. 

თებერვლის პირველი დღეებიდან მოყოლებული სირიის ჩრდილო-დასავლეთში - იდლიბის პროვინციაში დაძაბულობა ყოველწუთიერად იზრდება. 

ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის არმიასა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის რამდენიმე სისხლიანი შეტაკება მოხდა - დაღუპულია 11 თურქი და 50-ზე მეტი სირიელი ჯარისკაცი. დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად მაინც შენარჩუნდა. ვითარება ვერ განმუხტა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრებმაც. 

2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან, იდლიბის პროვინცია ასადის წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წერტილად იქცა. ომის საწყის ეტაპზე იდლიბს სირიის თავისუფალი არმია აკონტროლებდა. ამ წლების განმავლობაში ასადის ოპოზიცია თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობდა. თურქეთი წვრთნიდა და აიარაღებდა აჯანყებულ სირიელებს. 

2013-2014 წლებში სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების პარალელურად იდლიბშიც ინიციატივა ისლამისტმა რადიკალებმა აიღეს. განსაკუთრებით აქტიური ალ-ქაიდას სირიული დაჯგუფება ჯაბჰატ ალ-ნუსრა იყო. 2015 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთი პირდაპირ ჩაერთო სირიაში მიმდინარე კონფლიქტში, ომის მიმდინარეობა ბაშარ ასადის სასარგებლოდ შეიცვალა. 

ამ დროიდან დღემდე, სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის კონტროლს თითქმის მთელი ქვეყანა დაუქვემდებარა. ბოლო აქტიური ანკლავი კი სწორედ იდლიბია. ამ დრომდე იდლიბში მოქმედებენ რადიკალური დაჯგუფებები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. აქ ბოლო წლებში თავი მოიყარეს სირიელებმაც, რომლებიც ასადის არმიის რევანშს გაურბიან. 

ამ დროისთვის იდლიბი 3 მილიონზე მეტი დევნილის თავშესაფარია. პროვინცია თურქეთს ესაზღვრება, აქედან გამომდინარე, თურქეთი იდლიბს საკუთარი გავლენის ზონად მიიჩნევს. ამასთანავე იდლიბს თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 

სწორედ, აქ უნდა აშენდეს დროებითი თავშესაფარი მილიონზე მეტი დევნილისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში თურქეთს დევნილთა დიდი მასა მიაწყდება, რამაც შესაძლოა 2015-2016 წლების მსგავსი მიგრანტების კრიზისი განაპირობოს.

პრობლემური საკითხის გადაწყვეტას თურქეთი და რუსეთი წინა წლებში ორჯერ შეეცადნენ. მათ შორის გაფორმდა ასტანისა და სოჩის შეთანხმებები. გარიგების მიხედვით, იდლიბი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ზონად და უნდა შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები. შეთანხმების მიუხედავად, პროვინციაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა, ხოლო პერიოდული დაძაბულობები პუტინისა და ერდოღანის შეხვედრებით წყდებოდა. 

თუმცა, როგორც ჩანს დღეს ვითარება შეცვლილია. წინა წლის დეკემბერში რუსეთის მხარდაჭერით ბაშარ ასადმა შეტევის დამაგვირგვინებელი ფაზა წამოიწყო, რომელიც რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები