საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ნიკოლოზი: ციხეში მყოფი პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის?

რუსთავი2

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ამბობს რომ საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ამით მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის გუშინდელ გაცხადებას გამოეხმაურა, სადაც პატრიარქმა თქვა, რომ "42 წელია სამიზნეა" და რომ არა ხალხის თანადგომა, ამას "ვერ გაუძლებდა"

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესიას რომ ებრძვიან ცხადია და "მანდ ორი აზრი არ არსებობს". მისივე თქმით, 60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და "სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი".

"რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია. მე შემიძლია გითხრათ რომ არც ხდება, ამის ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად. ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა"- ამბობს სასულიერო პირი. 

მეუფე ნიკოლოზი საუბრობს ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, რომელიც სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ოჯახი სასჯელის გადავადებას უკვე თვეებია ითხოვს. გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. დეკანოზის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის პატრიარქის პირადი პატიმარია, რადგან დეკანოზს "ეკლესიაში არსებულ მამათმავლობაზე, პედოფილიასა და ინცესტის შემთხვევებზე" ინფორმაცია აქვს და ამის დამტკიცებაც შეუძლია.

კომენტარები