სამთავრობო ცვლილებები

კალაძე: არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე არ არის საუბარი, თუ იქნება, გაიგებთ

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ გუნდში არანაირი სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის და ქვეყანას ძლიერი პრემიერმინისტრი ჰყავს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა.

"არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ, საზოგადოებაც. ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერმინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე შესაძლოა, სუს-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჩაანაცვლოს. კახა კალაძე ამ კითხვას პირდაპირ არ პასუხობს და კვლავ ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და მთავრობა, რომლებიც "ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს".

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 23 თებერვალს, სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ მოქმედმა პრემიერმინისტმა ჟურნალისტებს მოუწოდა გაზაფხულს დაელოდონ. დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ "რომელიღაც გაზაფხულზე ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება. მაგრამ ამ გაზაფხულამდე ერთი კვირაა დარჩენილი". ვიცეპრემიერ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით კი, გიორგი გახარია, "ალბათ, დაველოდოთო რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია".

კომენტარები