ბოკერია: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შემდეგ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები დაისაჯონ და პრობლემები შეექმნათ. ბოკერიას თქმითვე, ევროპულმა საქართველომ არაერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან, რომ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადაედგათ, თუმცა თითი თითზე არ დაუკარებიათ.

"კარგია, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს ხალხი და მათი ოჯახები იმსახურებს ამ ყურადღებას, ისინი შეეწირნენ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას, მაგრამ მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ამ ყურადღების გამოვლენისას, რა აქვს ხელისუფლებას სათქმელი მთელი საზოგადოებისთვის და მოკლულთა ოჯახებისთვის, რას აკეთებენ ისინი რეალურად. პასუხი ამ კითხვაზე არის მოკლე და ძალიან სამწუხაროდ მოსალოდნელიც ივანიშვილი რეჟიმის პირობებში - პრაქტიკულად არაფერ არ აკეთებენ," - ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის უმოქმედობა შეურაცხმყოფელი და უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ სიის შექმნის შემდეგ არცერთი მაღალი ტრიბუნა არ გამოუყენებიათ უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომ ეს გვარები ეთქვათ და თავის დროზეც სიაში გარდაცვლილი ადამიანები ჰყავდათ შეყვანილი, რადგან ყურადღება არ მიაქციეს და "ფეხებზე ეკიდათ."

"როცა გერმანიის კანცლერი გიდგას გვერდით და ევროპული მედია შენ წინ არის და გეკითხება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე, ზოგადი სადღეგრძელოების ნაცვლად, ან მათთან ერთად მაინც, ხომ უნდა თქვა, რომ აი, კონკრეტული ჰუმანიტარული საკითხია. მკვლელობაა, უტყუარი მტკიცებულებებია და  საოკუპაციო ძალა ხელს აფარებს ამას, ეს გეოპოლიტიკური საკითხიც არ არის და უნდა მიმართო რუსეთს, რომ მკვლელს ხელს ნუ აფარებენ,"- ამბობს ბოკერია.

ბოკერიას იმედი არ აქვს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების საქციელი შეიცვლება, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკოსების და მოქალაქეების ვალია, მათ ამ საკითხის პრობლემურობა შეახსენოს, რომ რამე ნაბიჯები მაინც გადადგან. 

"მე არ ვამბობ, რომ ეს ავტომატურ შედეგს გამოიწვევს, მაგრამ როცა ამას არ შვები, ავტომატური შედეგია, რომ არაფერია არ ხდება, არც სამართლიანობა ზეიმობს ამ მკვლელებთან მიმართებაში და არც სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში არ ამცირებ რისკებს," - ამბობს ბოკერია. 

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის დოკუმენტი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

კომენტარები