მთავრობა

ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი პარლამენტში არ მივიდა

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე არ მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ავრცელებს. 

ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატთა მოთხოვნით უნდა მისულიყო. ფრაქციის წევრთა ცნობით, ვანო მაჭავარიანს კომიტეტზე რამდენიმე საკითხზე უნდა ესაუბრა, მათ შორის იყო ტელევიზიების დავალიანების საკითხი, და ასევე, ე.წ. ყალბი დღგ-ების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტმა 100 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.

ვანო მაჭავარიანს, ასევე უნდა ესაუბრა, აზარტული თამაშების და ლატარეების რეგულირების კანონპროექტზე. პარლამენტში მისვლას ივანე მაჭავარიანს რეგლამენტი ავალდებულებდა. "მე ვესაუბრე მას და ვეცადე დამერწმუნებინა, რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე", — განაცხადა რომან კაკულიამ. 

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქციას, დეპუტატები მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბრობენ.

"ეს არის მინიმუმ უპატივცემლობა და მაქსიმუმ - უკაცრავად და თავზე გადავლა პარლამენტის ინსტუტიციაზე, ეს რაღაც სამარცხვინო მასკარადი რომ მოაწყეს და მოყვანილი ყავდათ ეს მინისტრები, რომლებიც არ ემსახხურებიან ამ სახელმწიფოს, ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს. ძალიან შეურაცხყოფილები ვართ, ეს არის უსუსური ადამიანის საქციელი და უსუსური ადამიანის პოზიცია", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

 

კომენტარები