რუსული დეზინფორმაცია

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

0 კომენტარი
ფოტო: unian

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები. 

ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. 

გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების უკან აშშ დგას, რითიც მსოფლიოს თვალში ამერიკის იმიჯის შელახვას ცდილობენ. 

Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციას ებრძვიან, AFP-ს უთხრეს, რომ ყალბი პიროვნებების ანგარიშებს იყენებდნენ Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე, რათა რუსული დეზინფორმაცია რამდენიმე ენაზე ეთარგმნათ. 

"რუსეთის მცდელობა შუღლის ჩამოგდება და აშშ-ის ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა. კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის ბოროტი აქტორები კიდევ ერთხელ ირჩევენ საჯარო უსაფრთხოებაზე დამუქრების გზას," - ამბობს მაიკ პომპეოს ასისტენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი. 

გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ანგარიში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღვივებს აშშ "ეკონომიკურ ომს ჩინეთთან" და რომ ეს ვირუსი CIA-ის შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. 

ექსპერტები Guardian-თან საუბარში ამბობენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია 1980 წელს მოსკოვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიის მსგავსია, კერძოდ, როდესაც KGB ცდილობდა, დაერწმუნებინა ადამიანები, რომ HIV ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს, ამერიკელი მეცნიერების მიერ იყო შექმნილი. 

AFP სახელმწიფო დეპარტმენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის მიერ მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ათაში ონლაინ ანგარიში, რომლებიც წარსულში პრო-რუსული გზავნილების გავრცელებაში არიან შემჩნეულები, მაგალითად, სირიის ომის, ჩილეს მასობრივი დემონსტრაციებისა და საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა პროტესტის შესახებ, "თითქმის იდენტურ" გზავნილებს ავრცელებნ კორონავირუსის შესახებ. 

იმავე ანგარიშის მიხედვით, რომელზეც წვდომა ჯერჯერობით მედიებიდან მხოლოდ AFP-ს აქვს, ანგარიშები იმართება არა ბოტების, არამედ ადამიანების მიერ და ერთდროულად იპოსტება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. 

"ამ შემთხვევაში ჩვენ შევძელით დეზინფორმაციის სრული ეკოსისტემა გვენახა, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიები, პროქსი ვებსაიტები და ათასობით ყალბი პიროვნების სოციალური მედიის ანგარიში ერთსა და იმავე ნარატივს აჟღერებს, "- ამბობს გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ლეა გაბრიელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები