მთავრობა

მაჭავარიანი პარლამენტში არ მისვლაზე: არ დავარქმევდი, რომ თავი ავარიდე

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელსაც დღეს დილით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ელოდნენ და არ მივიდა საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. 

"მე არ დავარქმევდი რომ თავი ავარიდე, მესმის რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით ამ საკითხის შემდეგნაირად უნდა შევხედოთ.- სულ რამდენიმე დღის წინ, მინისტრის სააათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი იმ შეკითხვებს დავუთმე, რაზეც საკომიტეტო ფორმატში უნდა გვესაუბრა. თქვენ ნახეთ, რომ ამ წერილის ავტორმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პასუხი კი არ აინტერესებთ ამ შეკითხვაზე მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი იძლევა პოლიტიკური სპეკულირების საშუალებას", — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მინისტრის თქმით, იგი სრულად ასრულებს მთავრობის წევრის პარლამენტთან ანგარიშვალდებულების კრიტერიუმს. "გინდათ ეს მოწვევის პარლამენტი აიღეთ, გინდათ წინა მოწვევის პარლამენტები და ნახეთ ოდესმე ამდენჯერ თუ იყო მისული რომელიმე მინისტრი, საქართველოს ისტორიაში. გადახედეთ და ნახავთ, რომ ყველაზე მეტჯერ ვარ მისული",— ამბობს მაჭავარიანი. 

ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატთა მოთხოვნით უნდა მისულიყო. ფრაქციის წევრთა ცნობით, ვანო მაჭავარიანს კომიტეტზე რამდენიმე საკითხზე უნდა ესაუბრა, მათ შორის იყო ტელევიზიების დავალიანების საკითხი, და ასევე, ე.წ. ყალბი დღგ-ების საქმე, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტმა 100 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.

ვანო მაჭავარიანს, ასევე უნდა ესაუბრა, აზარტული თამაშების და ლატარეების რეგულირების კანონპროექტზე. პარლამენტში მისვლას ივანე მაჭავარიანს რეგლამენტი ავალდებულებდა. "მე ვესაუბრე მას და ვეცადე დამერწმუნებინა, რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე", — განაცხადა რომან კაკულიამ. 

 

 

კომენტარები