ივანე მაჭავარიანი

გრიგოლია მაჭავარიანის პარლამენტში არმისვლაზე: საქართველოს ჰყავს მშიშარა ფინანსთა მინისტრი

ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას შეფასებით, "საქართველოს ჰყავს მშიშარა ფინანსთა მინისტრი". მისი აზრით, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში მისვლაზე უარი იმიტომ თქვა, რომ იცოდა - მისთვის არაკომფორტულ გარემოში მიდიოდა.

"აქ იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც აპირებდნენ მისთვის არამხოლოდ ტელევიზიების 55-მილიონიან დავალიანებაზე შეკითხვების დასმას და არგუმენტების მოსმენას, არამედ ჰაერში აორთქლებული მილიონების თაობაზეც. საუბარი არის დღგ-ების სკანდალზე...

...მეც ვაპირებდი, მისთვის დამესვა კითხვები - ხუთი წლის გრაფიკი რომ გაუკეთა იმ ტელევიზიებს, რომლებიც დითირამბებს უმღერიან ხელისუფლებას, ეს რამდენად ნორმალურია, ჩვენ თუ ინკასოს დაფასაფარად კრედიტის აღება მოგვიხდა, რატომ არ უნდა დააფარინონ სხვას, მაგრამ ჰოი, აორთქლდა ფინანსთა მინისტრი, არ არის" - თქვა გრიგოლიამ.

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე არ მივიდა. ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატთა მოთხოვნით უნდა მისულიყო. ფრაქციის წევრთა ცნობით, ვანო მაჭავარიანს კომიტეტზე რამდენიმე საკითხზე უნდა ესაუბრა, მათ შორის იყო ტელევიზიების დავალიანების საკითხი, და ასევე, ე.წ. ყალბი დღგ-ების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტმა 100 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.

პარლამენტში მისვლას ივანე მაჭავარიანს რეგლამენტი ავალდებულებდა.

კომენტარები