ბათუმი

ბათუმის სიმბოლოს, "ქოლგიანი დელფინის" ესკიზის ავტორი გარდაიცვალა

adjaratv.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბათუმის ცნობილი სიმბოლოს "ქოლგიანი დელფინის" ესკიზის ავტორი ავთო ლომაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მედიის ინფორმაციით, ავთო ლომაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და მძიმე სენს ებრძოდა. 

ლომაძემ ქოლგიანი დელფინი 80-იან წლებში დახატა, როდესაც ის ჟურნალ "ჭოროხის" მხატვარ-გამფორმებელი იყო, მოგვიანებით კი ბათუმის ემბლემა-ჰერალდიკის კონკურსში ამ ესკიზით მეორე ადგილას გავიდა. 

"ხალხმა რატომღაც აიტაცა და შეიყვარა. მაშინ ბევრი რამ კეთდებოდა ამ ემბლემით – სამკერდე ნიშნები, ჩანთები. მაშველების სადგური მოიხატა ქოლგიანი დელფინით. დღეს უკმარისობის გრძნობა მრჩება ჩემსავე ნამუშევარზე, გული მწყდება. რომ მცოდნოდა ასე აიტაცებდა ხალხი… ახლაც მგონია, რომ რაღაც აკლია – მოძრაობა, ელასტიურობა. ეს იყო ნაჩქარევად, ესკიზის დონეზე გაკეთებული. ქართველებს წესად გვაქვს, საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებთ, ვჩქარობთ. მოკლედ, ქოლგიანი დელფინი არ მომწონს, დაუსრულებელია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. 10 წელია, ხელში კალამი არ ამიღია. დღეს ხელი აღარ მემორჩილება. როცა ბარავ, ყანას თოხნი, ხელი უხეშდება,"- ყვებოდა 2004 წელს გაზეთ "ბათუმელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ავთო ლომაძე. 

მას რამდენიმე წლის წინ საპატიო ბათუმელის წოდებაც მიენიჭა. 

კომენტარები