20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილის, ცოტნე სოსელიასა და ზურაბ ბუდაღაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას აგრძელებს. დაკავებულებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.

ისინი ამბობენ, რომ დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

დღესვე, 12:00 საათზე გაიმართება სასამართლო პროცესი გიორგი რურუას საქმეზეც, რომელიც 18 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ დააკავეს. მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს დააკავა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 20 ივნისის გამოძიება ამბოხის მუხლით გაგრძელდება. ოთხივე პირი ამ დრომდე პატიმრობაშია. საქმეზე დაკავებული სხვა ადამიანების ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

კომენტარები