საბჭოთა ოკუპაცია

თბილისში ქუჩას 1921 წლის ომში მონაწილე ფრანგული გემის სახელი დაერქვას - ევსაქების ინიციატივა

ევროპული საქართველოს გამოდის ინიციატივით და მიმართავს თბილისის საკრებულოს, რომ თბილისის ერთერთ ქუჩას იმ ფრანგული გემის სახელი ეწოდოს, რომელიც რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. განცხადება ამის შესახებ დღეს პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა. 

კანდელაკის თქმით, ეს არის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, მათ შორის იმიტომაც, რომ გვახსენებს, თუ როგორ იდგნენ ევროპის ცივილიზებული ერები საქართველოს გვერდით.

"გემი "ვალდეკ რუსო" ამ ომში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოაგზავნა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა  არისტიდ ბრიანმა საქართველოს დიდმა მეგობარმა, საქართველოს დე იურედ აღიარების ინიციატორმა. ეს ფრანგული გემი აფხაზეთში შემოჭრილ მეცხრე წითელ არმიას ბომბავდა ზღვიდან, რამაც საშუალება მისცა ქართულ ჯარს, რომ გაგრა აეღო კონტრშეტევით 28 თებერვალს, როცა თბილისი უკვე დაცემული იყო. ვფიქრობთ, რომ ეს ეპიზოდი და კონკრეტულად ეს გემი "ვალდეკ რუსო", იმსახურებს, რომ თბილისის ერთ ერთ ქუჩას ეწოდოს მისი სახელი." - ამბობს კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოში. 

თბილისის საკრებულო სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ამა თუ იმ ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით, მსურველებმა განცხადებით კომისიას უნდა მიმართონ. მისივე თქმით, კომისია საკრებულოში შემოსულ ნებისმიერ განცხადებას განიხილავს.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან და ოკუპაციიდან დღეს 99 წელი გავიდა.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და დედაქალაქი აიღო. უთანასწორო 5-კვირიანი ბრძოლა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 17 მარტამდე გრძელდებოდა. 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა, მოხდა მისი ოკუპაცია და ანექსია.

კომენტარები