20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 ადამიანიდან საპროცესო შეთანხმებაზე 3 თანახმაა, თამლიანი - არა

ტაბულა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, ამას თამლიანის გარდა ყველა თანხმდება.

საქმის განხილვა 27 თებერვლისთვის გადაიდო, რადგან ადვოკატმა, რომელიც ერთდროულად ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ინტერესებს იცავს, თვითაცილება დააყენა იმის გამო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ. ვახტანგ იაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია და ერთ-ერთი ბრალდებული საქმე სხვა ადვოკატმა უნდა გადაიბაროს.

გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება სამ დაკავებულს, საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, მალევე გახდება ცნობილი გადაწყვეტილება ბესიკ თამლიანთან დაკავშირებითაც, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს დააკავა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 20 ივნისის გამოძიება ამბოხის მუხლით გაგრძელდება. ოთხივე პირი ამ დრომდე პატიმრობაშია. საქმეზე დაკავებული სხვა ადამიანების ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

კომენტარები