ივანე მაჭავარიანი

საია: ფინანსთა მინისტრი კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია

საქართველოს მთავრობა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, ეს კი, საია-ს შეფასებით, ივანე მაჭავარიანის იმპიჩმენტის საფუძველია. იმის გარდა, რომ ფინანსთა მინისტრი 24 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა, საია-ს ცნობით, ივანე მაჭავარიანმა კონსტიტუცია და რეგლამენტი კიდევ არაერთხელ დაარღვია.

კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარა. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ერთადერთი, როცა შესაძლებელია, ის არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე - მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა. ამ შემთხვევაში კი, ივანე მაჭავარიანს ეს არ გაუკეთებია.

"იგი ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვალდებულებას არც თავად მინისტრი უარყოფს, თუმცა, მისი აზრით, საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ "მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა. მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ "მინისტრის საათის" და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება" - აცხადებს საია და მიიჩნევს, რომ ივანე მაჭავარიანმა დაარღვია კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები.

"ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად" - განმარტავს საია და დამატებით აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა 30 კითხვით მიმართეს.

"შეკითხვების დაახლოებით ნახევარი მან უპასუხოდ დატოვა, 6-ს დაგვიანებით გასცა პასუხი და მხოლოდ 7 პასუხს მოაწერა ხელი თავად. ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის მიხედვით "პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“ ხოლო რეგლამენტი ამბობს, რომ პასუხს ხელს აწერს მხოლოდ მთავრობის წევრი. საერთო ჯამში ამ მიმართულებით მან კონსტიტუცია და რეგლამენტი 29-ჯერ დაარღვია. ეს მონაცემი დამატებით აჩვენებს, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ სათანადო პატივისცემას განგრძობადაც არ გამოხატავს, რაც აძლიერებს მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების არგუმენტებს" - აცხადებს საია.

კომენტარები