ყაზახეთი

ყაზახეთში პოლიციის მიერ დაკავებული ანტი-სამთავრობო აქტივისტის გარდაცვალებას აქცია მოჰყვა

Reuters

ყაზახეთში, დედაქალაქ ნურსულთანში პოლიციის წინასწარი დაკავების ცენტრში ანტი-სამთავრობო აქტივისტი გარდაიცვალა. ოფიციალური პირები დულატ აგადილის გარდაცვალების მიზეზად გულთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ. ის ორშაბათს დააკავეს იმის გამო, რომ დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ის გასულ წელს ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეობდა და ამისათვის ორჯერ დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მასთან ერთად საკანში კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაკავებული მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მათი თქმით გამოძიება გრძელდება.

აქტივისტის გარდაცვალებას მისი მომხრეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ათობით ადამიანი შეიკრიბა და ქუჩის გადაკეტვა სცადეს. ისინი მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში გახშირდა ანტი-სამთავრობო გამოსვლები. პოლიციამ აქციები არაერთხელ დაშალა და ათობით მომიტინგე დააკავა.

79 წლის ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 28 წლის განმავლობაში მართავდა, მიმდინარე წელს პოსტი დატოვა, თუმცა კვლავ რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმართველი პარტიის ლიდერად.

გარდამავალ პრეზიდენტად მან კასიმ-ჯომარტ ტოკაევი დანიშნა, რომელმაც ივნისში გამართულ არჩევნებში ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო და პრეზიდენტი გახდა.

არჩევნების მიმდინარეობისას გამართულ აქციებზე ყაზახეთის პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა.

კომენტარები