იდლიბის პროვინცია

იდლიბში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქი ნაირაბი აიღეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის წარმომადგენლების ინფორმაციით სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქი ნაირაბი აიღეს. ეს პირველი ტერიტორიაა, რომელიც ამბოხებულებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმის ძალებმა იდლიბის პროვინციაზე აქტიური თავდასხმა დაიწყეს.

"ჩვენი თურქი მეგობრების დახმარებით ჩვენ დავიბრუნეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ნაირაბი მას შემდეგ, რაც გავაძევეთ რუსი ტერორისტი სამხედროები." თქვა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული არმიის სპიკერმა იუსეფ ჰამუდმა.

თურქეთის წარმომადგენლების თქმით თურქ და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და არ დაღუპულა არცერთი თურქი სამხედრო. მათივე თქმით შემდეგ სამიზნეს ქალაქი სარაკები წარმოადგენს, რომელზეც გადის დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელი გზა.

პარალელურად შეტევას აგრძელებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალებიც. 24 თებერვალს სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში მათ იდლიბის პროვინციის სამხრეთით მდებარე კიდევ 10 ქალაქი აიღეს.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 თებერვალს, ტაფტანაზში თურქეთის ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

შემთხვევის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკების მკვლელობა სირიის რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდება. ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაშავდებოდა ასადის რეჟიმის ძალებზე როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შეტევას განახორციელებდნენ.

20 თებერვალს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ტერორისტების მიერ კონტროლირებადი წერტილები დაბომბა. მათი თქმით ავიაიერიში ბოევიკების მხრიდან მოსალოდნელი შეტევების აღსაკვეთად განხორციელდა. არსებული ინფორმაციით განადგურებულია 1 ტანკი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი და 5 პიკაპის ტიპის ავტომობილი.

რუსული ავიაიერიშის შესახებ ცნობების გავრცელებიდან მალევე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. თურქეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავიაშეტევების შედეგად მოკლულია 2 და დაჭრილია 5 თურქი ჯარისკაცი. მათ არ დაუკონკრეტებიათ კავშირშია თუ არა მომხდარი რუსულ ავიაიერიშებთან.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა 18 თებერვალს თქვა, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმების გამო.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

მიმდინარე კვირას ასადის რეჟიმის ძალებმა ალეპოს პროვინციის ნაწილი აიღეს და ამბოხებულები გააძევეს. ალეპოს პროვინციაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა. მათ დაბომბეს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ადანანი, რომელიც მოგვიანებით ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად ასადის ძალებმა აიღეს. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით ასადის ძალებმა ალეპოს პროვინციაში სულ 13 ქალაქი და სოფელი დაიკავეს.

ალეპოს პროვინციაზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ასადის რეჟიმის ძალებმა ამბოხებულები გააძევეს და კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელ M5 მაგისტრალზე.

პარალელურად თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ აღებული ტერიტორიის დაბრუნება სცადეს. თურქული სახელმწიფო მედიის მიხედვით სირიაში თურქულ სადამკვირვებლო პოსტებზე დამხმარე ძალა, სამხედროები, ტანკები და სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გაგზავნეს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის თქმით, იდლიბის პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა რუსეთი გვერდზე გადგეს. მან თქვა, რომ თურქეთი იდლიბში განლაგებული თავისი ჯარის დასაცავად ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებს პატრიოტს აამოქმედებს და თურქეთი არ აპირებს იდლიბში განლაგებული სადამკვირვებლო პუნქტების გადაადგილებას. ამავდროულად თურქეთ რუსეთისგან შეძენილი С 400 სარაკეტო კომპლექსის გამოყენებასაც გეგმავს.

კომენტარები