NATO-საქართველო

NATO PA-ის პრეზიდენტი ოცნებას: შექმენით პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაგრძელებლად

Nepszava

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ატილა მეშტერჰაზიმ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და მთავრობას შეახსენდა, რომ ორგანიზაცია დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. 

პრეზიდენტის განცხადებით, დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო. 

მეშტერჰაზი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შექმნას შესაბამისი პირობები იმისათვის, რათა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის განახლდეს. 

"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სურვილი, შეუერთდეს NATO-ს და მხარს უჭერს მის გზას, კერძოდ საქართველოს პარლამენტთან ახლო დიალოგის გზითა და აქტიური თანამშრომლობით. 

ამავდროულად, მე მინდა შეგახსენოთ, რომ NATO ეფუძნება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს. ამ პრინციპების პატივისცემა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ზეპარტიული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა, გაწევრიანების საკვანძოა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება ამ ღირებულებებისადმი. სამწუხაროა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასული წლის ნოემბერში ჩავარდა. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია. 

ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეკითხვებსა და შეშფოთებებს აღრმავებს. ვშიშობ, რომ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები უფრო მეტად აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს. 

ამასთან, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გასაგრძელებლად, რათა აღიდგინონ ქართველი ხალხის ნდობა და მისცენ მათ გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარიმართება. 

მე ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასამბლეამ გააგრძელოს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა. ველოდები საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე ბოლო მოვლენების განხილვას" - წერია განცხადებაში.

კომენტარები