გიგი უგულავა

უგულავა: ვისურვებდი, ჩემი დაკავება იყოს მუხრუჭი, დაჭერები ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე გათავისუფლებას ნაკლებად ვარაუდობს.

უგულავას სატელეფონო ინტერვიუ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ტელეკომპანია პირველთან ჰქონდა, სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს და ელოდა თუ არა ასეთ საერთაშორისო გამოხმაურებებს მისი დაკავების შემდეგ.

პოლიტიკოსი მადლობას უხდის ყველას, ვინც განცხადება გააკეთა და ამბობს, რომ ეს მოხდა არა უშუალოდ მის გამო, არამედ საქართველოს გამო.

"ციხე ყველაზე სტაბილური ადგილია, აქ არაფერი შეცვლილა, მე აქ ადამიანებთან აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა მქონდა მაშინაც და მაქვს ახლაც, არასდროს არ ვაპირებდი კონფლიქტში შესვლას, ეს ჩემი ბედისწერაა, თუ გინდათ ასე დავარქვათ. მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, ეს ალბათ უშუალოდ ჩემს პერსონასთან ნაკლებად არის დაკავშირებული, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მე ვისურვებდი ეს გამოხმაურებები ყოფილიყოს მუხრუჭი და შემდეგი დაჭერები აღარ წავიდეს, არა იმიტომ, რომ ადამიანურად არ ვუსურვებ ამ ხალხს, უბრალოდ ეს ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი კატასტროფის მომტანი იქნება", - თქვა უგულავამ.

მან ოპოზიციის ერთიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი საჭირო არ არის და ოპოზიცია სწორ გზაზე დგას.

"მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც თავიდანვე ოპოზიციის ერთობაზე ვსაუბრობდი. ეს რაღაც მომენტში წარმოუდგენელი ეგონათ ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, პოლიტიკოსებს და საზოგადოებასაც, მაგრამ მთავრი არის რწმენა და ამ რწმენამ გაგვაერთიანა. როცა საუბრობენ, რომ ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არ არის საჭირო მეგობრებო. მე თავიდანვე ვამბობდი ხოლმე, რომ მოდი, ერთი სიით გავიდეთ. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ოპოზიცია აბსოლუტურად სწორ გზაზე დავდექით. [...] სადაც ივანიშვილი აპირებს ტყუილს, იმ ტყუილს უნდა დავუპირისპიროთ ერთობა. იმიტომ გვინდა პროპორციული, რომ ჩვენ არ გვინდა დომინანტი მეგატრონების ეპოქა, მეგატრონების ეპოქა საქართველოში დამთავრდება 2020-ის არჩევნებთან ერთად", - თქვა უგულავამ.

10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ.

ყველა მათგანის განცხადება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები