გიგი უგულავას დაპატიმრება

გიგი უგულავა: დაპატიმრებამდე ივანიშვილმა შემომითვალა "აბაროტებისთვის" დამეწია

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხიდან ტვ პირველისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ დაპატიმრებამდე მან ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარის გზავნილი მიიღო. 

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ნამდვილად შეუთვალა, თუ არა ივანიშვილმა, რომ დაიჭერდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა. უგულავამ თქვა, რომ ის ვერ დაასახელებს იმ ადამიანებს, ვინც მას გზავნილი გადასცეს. 

"გადმომცა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ უნდოდა ასე ვთქვათ "აბაროტების" დაწევა, რაზეც პასუხი ის იყო, რომ არანაირი "აბაროტები" არ დაიწევა, ხალხს რაც დაპირდი, ის შეასრულე, სხვა შემთხვევაში წყალგამყოფი არის, რომ შეუძლებელია, რაიმე ნორმალურობისკენ დაბრუნება," - თქვა უგულავამ. 

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, საპროტესტო ტალღის ფონზე მიუსაჯა, რომლის ერთერთი მთავარი ფიგურა სწორედ უგულავა იყო. 

სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიაში ერთერთი უზენაეს სასამართლოში დეკემბრის გახმაურებული პროცესის დროს უვადოდ დანიშნული შალვა თადუმაძეა, რომელიც ამავე საქმეზე სააპელაციო სარჩელის მომზადების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, რაც მისი საქმისგან აცილების საფუძველს წარმოადგენდა. 

ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. 

კომენტარები