იდლიბის პროვინცია

იდლიბში სკოლებსა და საავადმყოფოზე ასადის რეჟიმის თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დარტყმებს სულ მცირე 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი და 3 მასწავლებელი. მძიმედ დაშავდა კიდევ 80 მშვიდობიანი მოქალაქე, მათი უმეტესობა ბავშვები და ქალები. თავდასხმის სამიზნეს 10 სკოლა და იდლიბის ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენდა.

დარტყმები განხორციელდა როგორც ქალაქ იდლიბზე, ასევე მიმდებარე რეგიონებზე.

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრიდლოეთ აფრიკაში ორგანიზაცია Amnesty International-ის დირექტორი ამბობს, რომ სკოლებზე და საავადმყოფოებზე თავდასხმა ომის დანაშაულია.

რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის თავდასხმა იდლიბის პროვინციაზე, რომელიც სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორიაა, კვლავ გრძელდება. 24 თებერვალს სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში მათ იდლიბის პროვინციის სამხრეთით მდებარე კიდევ 10 ქალაქი აიღეს.

პარალელურად სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქი ნაირაბი აიღეს. ეს პირველი ტერიტორიაა, რომელიც ამბოხებულებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმის ძალებმა იდლიბის პროვინციაზე აქტიური თავდასხმა დაიწყეს. მათ შემდეგ სამიზნეს ქალაქი სარაკები წარმოადგენს, რომელზეც გადის დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელი გზა.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა 18 თებერვალს თქვა, რომ მიმდინარე წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმების გამო.

კომენტარები