მოლაპარაკებები

სესიაშვილი: ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, რაღაც კომპრომისამდე უნდა მივიდეთ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული 100/50 სისტემა კომპრომისული ვარიანტია და ოპოზიცია უნდა დათანხმდეს. სესიაშვილი ამბობს, რომ ოპონენტების პოზიციები დესტრუქციისკენ და დაძაბულობისკენ არის მიმართული. 

"მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ოპოზიციასთან კონსენსუსს მიაღწიოს ჩვენს ქვეყანაში, ასეთ პოლარიზებულ გარემოში ეს შეუძლებელია. აქ ვსაუბრობთ დიალოგზე, ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, რომელიც ხელოვნებაა და რაღაც კომპრომისამდე უნდა მივიდეთ," - ამბობს სესიაშვილი. 

სესიაშვილის თქმით, ოპოზიციას ეს გზა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. 

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ბოლო, მეოთხე რაუნდზე, ხელისუფლებამ ოპონენტებს მანდატების 100/50 პრინციპით გადანაწილება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არ დათანხმდა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას უნდა სჭირდებოდეს 40%-ზე "არსებითად მაღალი" მხარდაჭერის მიღება და მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება, რაც ციფრებში 130/20 პრინციპში გამოიხატება. 

დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებული შეხვედრები, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობენ ოპოზიციის ბოლო შეთავაზებაზე და კვლავ იმეორებენ, რომ 100/50 პრინციპი კომპრომისულია და მისაღები უნდა იყოს ოპონენტებისთვის.

თუ ხელისუფლება მათ ბოლო შეთავაზებას არ შეცვლის, ოპოზიცია ამ სცენარისთვისაც ემზადება და ამბობენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს გადაინაწილებენ და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საკვანძო ოლქებში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი ქართული ოცნების წინააღმდეგ. 

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაბრუნდებიან, რადგან ყველა მხარის პირობა ისედაც ცნობილია და მოსალაპარაკებელი არაფერია, რადგან ახლა ჯერი ხელისუფლებაზე და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

კომენტარები