არჩევნები 2020

კაპანაძე: გეგმა B არის არა დათმობა, არამედ ქიში ხელისუფლებას ოპოზიციის მხრიდან

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, გეგმა B, რომელიც არსებული მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში სხვადასხვა ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენას გულისხმობს, არა დათმობა, არამედ ქიშია ხელისუფლებისთვის. კაპანაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

"[გეგმა B] დათმობა კი არ არის, ეს, ჭადრაკის ტერმინით რომ ვთქვათ, არის ქიში ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ დღევანდელი სისტემის პირობებში თუ ოპოზიცია აყენებს ერთ კანდიდატს, მაშინ ხელისუფლებას სჭირდება 50 პროცენტზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება, რომ იქ მოიგოს, ზუსტად იგივე, რაც დასჭირდებოდა პროპორციულის შემთხვევაში. ამიტომ ეს არის არა დათმობა, არამედ ქიში და ივანიშვილმა ეს უნდა გაითვალისწინოს, როცა იღებს გადაწყვეტილებას, გადავიდეს პროპორციულზე, თუ დატოვოს დღევანდელი სისტემა", - თქვა სერგი კაპანაძემ.

ევროპული საქართველოს წევრს ჟურნალისტებმა აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სადილზეჰკითხეს რომელზეც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიწვეული იყო.

"ეს არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი, ფორმატი არ არის შესაბამისი, არც კონკრეტული წინადადებების განხილვა ყოფილა, ეს იყო ელჩის მიერ დაპატიჟებული პოლიტიკოსების სადილზე ერთად მოხვედრა", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე.

თუმცა, პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ დევნაზე საუბარი შედგა. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან დამთმობ ნაბიჯებს ელოდება.

"ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება შეცვლის თავის დესტრუქციულ მიდგომას, დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას ისე, რომ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს და შემდეგ გვექნება საშუალება, იმ მცირე დროში, რაც დაგვრჩა, საარჩევნო სისტემაზე ვისაუბროთ.

აშშ და სხვა პარტნიორები შეშფოთებულები არიან იმით, რაც აქ ხდება და დაინტერესებულები არიან, რომ პოლიტიკური გამოსავალი იყოს ნაპოვნი", - თქვა სერგი კაპანაძემ.

გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრებით მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.

თუმცა, უგულავას განაჩენის გამოცხადებამდე, დღის განმავლობაში ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ ვარიანტს განიხილავდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას უნდა სჭირდებოდეს 40%-ზე "არსებითად მაღალი" მხარდაჭერის მიღება და მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება, ეს კი მანდატების 100/50-ზე განაწილებით ვერ მიიღწევა, რადგან არსებული მოდელისგან არსებითად არ განსხვავდება.

კომენტარები