აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები

აშშ-მა რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთზე უკრაინის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციათა პირველ პაკეტს ხელი აშშ-ის წინა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2014 წელს მოაწერა ხელი. ინფორმაცია სანქციების გახანგრძლივების შესახებ თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა.

"იმ პირების პოლიტიკა და მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, საფრთხეს უქმნიან მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, ყირიმის ანექსია და სამხედრო ძალის გამოყენება დონბასში აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს" — ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში. 

დადგენილებას, ნომრით 13660, ხელი ბარაკ ობამამ 2014 წლის 6 მარტს მოაწერა. ის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე კვირაში შევიდა ძალაში. 2018 წელს შეიქმნა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც უკვე ძალაში შესული სანქციების განხორციელების მექანიზმები გაიწერა.

აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დადგენილება ავტომატურად ძალადაკარგულად ითვლება, თუ ერთი წლის გასვლამდე 90 დღით ადრე, პრეზიდენტი არ შეატყობინებს კონგრესს სანქციათა პაკეტის გახანგრძლივების შესახებ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან საჭიროდ ჩათვალა სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. 

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის 16 მარტს მოახდინა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მომდევნო პერიოდში რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და ევროკავშირი შეურთდა. ანექსიიდან ხუთი წლის შემდეგ, ნატომ ოფიციალური განცხადებით რუსეთს მოსთხოვა, ყირიმი დაებრუნებინა უკრაინის შემადგენლობაში. 

კომენტარები