აშშ - ვენესუელა

ტრამპი ვენესუელაზე: მალე ნახავთ, ეს შესაძლოა ძალიან სერიოზული სანქციები იყოს

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-დელიში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე ვაშინგტონი ვენესუელაზე ან ინდურ კომპანიებზე, რომლებიც ვენესუელის ნავთობს მესამე პარტიისგან ყიდულობდნენ დაუწესებდა თუ არა დამატებით სანქციებს, უპასუხა, რომ "ძალიან მალე, არც ისე შორეულ მომავალში" ამ საკითხზე სიახლე იქნებოდა. 

"შეიძლება ძალიან სერიოზული სანქციები იყოს. მალე ნახავთ. მაშინ მისვამთ კითხვას, როდესაც ამ საკითხზე შუა მუშაობაში ვართ," - განაცხადა ტრამპმა.

ვენესუელაში აშშ-ის წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა თქვა, რომ ვენესუელას ნავთობის სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციები უფრო აგრესიული იქნებოდა. 

ინდოეთი და ჩინეთი ვენესუელის ნავთობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემსყიდველები არიან - 2019 წელს ინდოეთი დღიურად დაახლოებით 342 000 ბარელი ნავთობის იმპორტს ახორციელებდა. 

ვენესუელური ნავთობის ინდური შემსყიდველები არიან Reliance Industries Ltd და Nayara Energy, რომლის ნაწილს Rosneft-იც ფლობს.

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილ ნავთობკომპანია როსნეფტს ნიკოლას მადუროს რეჟიმთან თანამშრომლობის გამო სანქციები 18 თებერვალს დაუწესა.

"დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ რუსეთის კუთვნილ ნავთობკომპანია Rosneft Trading-ს და ჩავუჭერით მადუროს მთავარი სასიცოცხლო ხაზი ვენესუელის ნავთობის სექტორზე ჩვენი სანქციების გვერდის ავლისათვის. ისინი, ვინც კორუფციული რეჟიმის დასაყრდენები არიან და ვენესუელელი ხალხის რეპრესიის საშუალებას აძლევენ ამაზე პასუხს აგებენ," - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

როსნეფტის შვილობილი კომპანიის Rosneft Trading-ის გარდა სანქციები უწესდება მის ვიცე პრეზიდენტს დიდიე კაზემიროსაც. შვილობილი კომპანია 2011 წელს როსნეფტის უცხოური პროექტების, მათ შორის ნედლი ნავთობის გადაზიდვებისათვის შეიქმნა. კომპანა აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა და მის პარტნიორებს მათთან ტრანზაქციების შესაწყვეტად 90-დღიანი ვადა მისცა. აშშ-ში კომპანიის და მისი ვიცე პრეზიდენტის ანგარიშები გაიყინება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, სტივენ მნუჩინის თქმით როსნეფტს ვენესუელის ნედლი ნავთობი გადააქვს და ყიდის მას:

"აშშ არ დაუშვებს ვენესუელის ნავთობის მიტაცებას მადუროს რეჟიმის მიერ." თქვა მან.

მადუროს რეჟიმის მხარდაჭერის გამო სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ რუსეთი ვენესუელაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა თებერვლის დასაწყისში გააფრთხილა. მან თქვა, რომ ეს საკითხი ტრამპის ადმინისტრაციაში აქტიურად განიხილებოდა და რუსეთი მალე აღმოაჩნედა, რომ მადუროს მხარდაჭერა საფასურის გარეშე არ ჩაივლიდა.

მაშინ აბრამსს არ დაუკონკრეტებია იგულისხმებოდა თუ არა როსნეფტისათვის სანქციების დაწესება.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს სანქციები დაუწესა, მის მთავარ პარტნიორად რუსული როსნეფტი იქცა. ის ვენესუელაში მოპოვებული ნავთობის 2/3-ს ყიდის, მეტწილად აზიაში. ხშირ შემთხვევაში რუსული კომპანია მალავს ნავთობის მოპოვების ადგილს და ტვირთის დანიშნულების პუნქტს. მადუროს რეჟიმი ნავთობის გაყიდვისაგან მიღებულ მოგებას ძალაუფლების შენარჩუნებისა და სამხედრო ძალების გაძლიერებისათვის იყენებს. აშშ-ს PDVSA-ს უცხოელი პარტნიორებისათვის სანქციები ამ დრომდე დაწესებული არ ჰქონდა.

კომენტარები