დეკანოზ მამალაძის საქმე

გადაუვადებენ თუ არა სასჯელს დეკანოზ მამალაძეს - საქალაქო განხილვას ხვალ, 27 თებერვალს დაიწყებს

თეონა თურმანიძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობის განხილვას საქალაქო სასამართლო ხვალ იწყებს. დეკანოზის ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოსგან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის პარალიზებულია. 

"შევიტანეთ შუამდგომლობა სასამართლოში, რომ მოხდეს სასჯელის გადავადება და ელემენტარულად შეგვეძლოს ჩემი ძმის მკურნალობა. გამომდინარე იქედან, თუ რა მდგომარეობაში არის ჩემი ძმა, დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად საქალაქო სასამართლო მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და სამი წლის წინანდელ ცოდვას გამოისყიდის იმით, რომ მოგვეცემა ჩემი ძმის მკურნალობის შესაძლებლობა," - ამბობს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.

"რადგან ჩვენ გავაკეთეთ შეწყალების თხოვნა პრეზიდენტის სახელზე, ეს უკვე ყველაფრის მთქმელია," - ამბობს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი და არ აკონკრეტებს უნდა გადაუვადონ თუ არა მსჯავრდებულ დეკანოზს სასჯელი. 

"ექსპერტიზის დასკვნა გადაწყვეტს რამდენად რეალურია ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც მისი უფლებადამცველები საუბრობენ და შესაბამისად, სახელმწიფო მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ საკითხში ვერ ჩავერევით, არც ჩავრეულვართ და არც ვაპირებთ ჩარევას," - ამბობს ბოტკოველი. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები