საფრანგეთში ახალი კორონავირუსით მეორე ადამიანი დაიღუპა

NYT

26 თებერვალს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით მეორე ადამიანი დაიღუპა

60 წლის ფრანგი მამაკაცი პარიზის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი აღმოუჩინეს. ღამით ის გარდაიცვალა. გასულ 24 საათში საფრანგეთში კიდევ 2 ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი

ერთ-ერთი მათგანი გასულ დღეებში იტალიაში, ლომბარდის რეგიონში იმყოფებოდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით დაავადების სულ 17 შემთხვევა არის აღრიცხული. 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საფრანგეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი 15 თებერვალს დაიღუპა. დაღუპული 80 წლის ჩინელი მოქალაქე იყო, რომელიც ჩინეთის ხუპეის პროვინციიდან იყო. 

გუშინ, 25 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ბონში Ibis-ის სასტუმროში ჩინელი ტურისტები კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათი ჰონგ-კონგელი ჯგუფის წევრი მოულოდნელად დაიღუპა. მის გარდაცვალების მიზეზს იძიებენ. სასტუმროში იქ მყოფი მომსახურე პერსონალიც დატოვეს.

რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში, ხორვატიაში და ალჟირში აღმოაჩნდათ.

იტალიაში კორონავირუსით 280 ადამიანია დაავადებული, გარდაცვლილია 10, გამოჯანმრთელდა 1.

ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით სულ 81 191 ადამიანი დაავადდა, აქედან 78 064 შემთხვევა ჩინეთში იყო. ვირუსით სულ 2 768 პირი გარდაიცვალა, აქედან 2 715 კონტინენტურ ჩინეთში. 30 281 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგკორონავირუსი ყველაზე მეტად სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში და ირანში არის გავრცელებული. ირანში ახალი კორონავირუსით 139 ადამიანი დაავადდა, ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ კორეაში 1 261 ადამიანის დაავადება აღირიცხა, გარდაიცვალა 12. იაპონიაში 178 პირი დაავადდა ვირუსით, 2 გარდაიცვალა.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. 26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს. ჰუბეის პროვინციის წარმომადგენლების თქმით არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ინკუბაციის პერიოდი 14 დღეზე მეტიც იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

კომენტარები