ქართული სუფრა

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

2020 წლის 18 თებერვალს, პრემიერმინისტრ გახარიას გადაწყვეტილებით, ქართული სუფრა დააწინაურეს - მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. იქამდე, 2017 წლიდან, ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა) არამატერიალური კულტურული მემკიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

წლების განმავლობაში ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სუფრას მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევას უწოდებდა, ხოლო თამადას - ფსიქოთერაპევტს. მისი აზრით, ქართულ სუფრაზე ყველაზე წარუმატებელი კაციც კი, "ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს" და აუცილებლად ხდება ბედნიერი.

გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს ქართულ სუფრაზე:

  • ქართულ სუფრასთან დაჯდები და იქ მოყვები ყველაფერს, იქ მოვა შენი თამადა - შენი ფსიქოთერაპევტი, იქ ჩაგიტარებს და სულ არ უნდა ამას სადმე ფსიქოთერაპევტთან წამოწოლა. ქართული სუფრა მე ვერ ვიტყვი რომ აღმოვაჩინე, მე აღმოვაჩინე და მე დავიჭირე მისი განსაკუთრებულობა, მე ამას მენეჯმენტში ვიყენებ. 2014 წლის 9 თებერვალი.
  • ქართული სუფრის ფენომენი ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია მე ქართული სუფრა, როგორც მიმდინარეობს, თუ ჯანსაღად მიდის. 2015 წლის 29 მარტი.
  • სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა. 2016 წლის 30 მაისი
  • ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. 2019 წლის 2 ნოემბერი.
  • იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს. იყო ქართველი - ნიშნავს, უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას. 2019 წლის 14 დეკემბერი.
  • ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფეიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების, ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. 2019 წლის 29 დეკემბერი.

კომენტარები