კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სასწავლო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ამ ეტაპზე არ იგეგმება არც სასწავლო პროცესის შეწყვეტა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

"პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ირანელი მოქალაქებიისთვის მიმოსვლა და პირიქით საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა ირანში ორი კვირით შეიზღუდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე დავრჩებით როგორც მოსახლეობასთან, ასევე მედიასთან. საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე. პირბადეებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს მომწოდებლებთან და სააფთიაქო ქსელთან. ჩვენ დავეხმარებით მათ შემოიტანონ დამატებითი პირბადეები, რომელიც გაიყიდება ქსელში". — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 26 თებერვალს განაცხადა. ტიკარაძის ცნობით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.

"პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეს არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია', — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 14 ადამიანთან დაკავშირებით, რომელთა ტესტის პასუხიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს მარინე ეზუგბაია ამბობდა, თითოეულ პაციენტზე ტესტის ჩატარება დროში გაიწელა, რადგან "14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად, რადგან ტესტს თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შესრულება და დრო".

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა

კომენტარები