კორონავირუსი

პაატა იმნაძე: ნიღაბი ეფექტურია, როცა ავადმყოფს უკეთია, მოსახლეობის მიერ ტარება საფრთხილოა

0 კომენტარი
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ნიღაბი ეფექტური არის მაშინ, როცა უკეთია ავადმყოფს.

ის აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მიერ, ვისაც კონკრეტული დაავადება არ აქვს, ნიღბის ტარება საფრთხილოა. 

პაატა იმნაძე ამის მიზეზებსაც განმარტავს.

"კარგად უნდა იცოდე როგორ ატარო ეს ნიღაბი. ჯერ ერთი არ უნდა შეცვალო მხარეები და ჯერ ერთ მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან არ უნდა გეკეთოს. გარდა ამისა, გინახავთ ხო ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, იმიტომ რომ ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არამარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან [თასმებით] და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის", - ამბობს იმნაძე.

ამავდროულად, ის მიუთითებს, რომ ნიღაბი აუცილებელია სამედიცინო პერსონალისთვის და მათ მუდმივად უნდა ატარონ.

"ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი, რადგან წვეთოვანია, ამ შემთხვევაში საკმარისია, თუმცა თუ ექიმი ატარებს რაიმე მანიპულაციას, თუნდაც ბრონქოსკოპიას, სადაც აეროზოლი შეიძლება წარმოიქმნას, მაგ დროს უკვე საჭიროა რესპირატორი. რა თქმა უნდა კარგია სახის ფარი ექიმისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის რათა დაიცვას თვალების ლორწოვანები", - ამბობს იმნაძე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდავის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები