"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - კორონავირუსზე 3 ადამიანს ამოწმებენ

ინტერპრესნიუსი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე 3 პაციენტს ამოწმებენ. ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები უკვე გაგზავნილია. პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი პაციენტი, ვისაც ანალიზი უტარდება, 18 წლის ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში ფოთიდან გადმოიყვანეს.

"ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა, ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით. გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და დინამიური მონიტორინგით გადაწყდება მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მოქმედება. კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.

ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის. ახლა უნდა ვეცადოთ, ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და მთელი მუშაობა ჩატარდეს, პრევენციული ღონისძიებები, რომ გავრცელების აღკვეთა მოხდეს", - ამბობს მარინა ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - წაიკითხეთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები.

კომენტარები