ყირიმის ანექსია

აშშ-ის საელჩო: მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას

ამერიკის საელჩო საქართველოში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 6 წლის თავს ეხმაურება და რუსეთის ქმედებებს გმობს.

"ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია. მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დონბასში მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს სანამ უკრაინას ყირიმზე კონტროლს არ დაუბრუნებს და სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ანექსიას წინ ევრომაიდნის მოვლენები უძღოდა, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ ააშენა, ამასთან, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე სარაკეტო სისტემები განათავსა.

გაეროს ანგარიშის მიხედვით ოკუპაციის შემდეგ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესეს.

კომენტარები