ახალი კორონავირუსი

კორონავირუსის რისკის გამო შსს-მ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ჟურნალისტებს მუშაობა შეუზღუდა

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ჟურნალისტებს მუშაობა შეუზღუდა. უწყება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მათივე უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რისკის ზონებად მიჩნეული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებს და საქართველოში მათ განთავსებაზე ინფორმაციას აგროვებს.

ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

ასევე, უწყების ცნობით, რისკ-ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად მიჩნეულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

შსს აცხადებს, რომ მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: წითელი ხიდი, სადახლო, სარფი და დარიალი. ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში
მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

"აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება", - აცხადებს შსს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - წაიკითხეთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები