საარჩევნო სისტემა

ბოკერია: თალაკვაძის თქმით, 100/50 განაწილება 40%-ის პრინციპთან თანხვედრაშია, რაც სისულელეა

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მზად არის, რომ ოპოზიციას "მოუხსნას ის წუხილები", რაც ეხება იმას, რომ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, არ შეეძლოს უმრავლესობის ფორმირება. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ერთია, რას ამბობენ მმართველი გუნდის ლიდერები, თუმცა მეორეა, როგორ წარმოუდგენიათ მათ ამ პრინციპის შესრულება. 

"ბატონი თალაკვაძე ამბობს, რომ ეს 100/50-ზე მაჟორიტარების განაწილების შემთხვევაშიც ასე იქნება. ეგ, უბრალოდ, სისულელეა,"- ამბობს ბოკერია ტაბულასთან საუბარში. 

დეპუტატის თქმით, ქართულ ოცნებაში უნდა მოიფიქრონ, რას გულისხმობენ. 

"ჩვენ ვიცით, რასაც ვგულისხმობთ. ჩვენ ძალიან ბევრი მოდელი შევთავაზეთ - კლასიკური გერმანული მოდელი, ადაპტირებული გერმანული მოდელი, მრავალმანდატიანი ოლქები... ახლა, რადგან ამ გზით წავიდნენ, ვუთხარით, რომ შეამცირონ წილი მაჟორიტარების, ოღონდ იმ დოზით, რომ იყოს არსებითი განსხვავება. ასეთი არის 130/20-ზე,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ოპოზიციური ლიდერები ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ოპოზიციას არ მოუსმენია ისეთი შეთავაზება, რომელიც მთავარ პრობლემებს გადაჭრის. 

"ის მოთხოვნები, რაც აქვს ოპოზიციას - პოლიტიკურ დევნასთან, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და რეალურ, გონივრულ საარჩევნო სისტემასთან, რომელიც არსებითად მიახლოებულია პროპორციულთან და უზღუდავს შანსს ნებისმიერ ჯგუფს, რომ პატარა ხმებით მოიგოს უმრავლესობა. ამ პრობლემის გადამჭრელი შეთავაზება ჩვენ ჯერ არ გვაქვს,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ესაუბრნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ მმართველი გუნდი მზად არის ისეთ მექანიზმზე ილაპარაკოს, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ 40%-ზე ნაკლები რეიტინგით პარტიამ უმრავლესობის ფორმირება შეძლოს. 

"რასაც ისინი ამბობენ, თუ არ ექნება გამარჯვებულ გუნდს, მინიმუმ, 40%-ზე მაღალი შედეგი არჩევნებში, მაშინ შესაბამისი მექანიზმის მიხედვით (რაზეც შევთანხმდებით), მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ანუ მას არ ექნება 75 მანდატზე მეტი. ეს არის მთავარი პრინციპი. ეს არის მთავარი საკითხი და ამ საკითხებზე იყო საუბარი, ზოგადად," - თქვა მდინარაძემ. 

იმავე შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თქვა, რომ ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ მთავარ პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება. 

"დეტალებზე მე დღეს არ ვისაუბრებ, არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ, რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის," - თქვა თალაკვაძემ.

რას გულისხმობს 40%-ის პრინციპი? 

ოპოზიცია ამ პრინციპს შემდეგნაირად განმარტავს - იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება, პლუს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება. 

ანუ, არ უნდა იყოს მანდატების ისეთი გადანაწილება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაჟორიტარების ხარჯზე შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. 

ამ დრომდე ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი ოპოზიციას 100/50-ზე პრინციპს სთავაზობენ, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობდა, 50-ის კი - მაჟორიტარულით. ამ შეთავაზებას ოპოზიცია არ დათანხმდა. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებამდე ოპოზიცია გეგმავდა ხელისუფლებისთვის 130/20-ზე განაწილების პრინციპი შეეთავაზებინა, რაც მედიით გააჟღერეს კიდეც, თუმცა ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრებამ საქმეზე, რომელზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები