კორონავირუსი

ადამიანმა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ექიმს საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს მიმართა

ჯანდაცვის სამინისტრო

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ადამიანმა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ექიმს ქვეყანაში შემოსვლიდან მეორე დღეს მიმართა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის ასაკით რისკ ჯგუფში არ არის, ქუთაისის აეროპორტში შემოვიდა ჩრდილოეთ იტალიიდან და ამ დროს სიმპტომები არ ჰქონია. თუმცა, სიმპტომები ჰქონდა მეორე დღეს და მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს.

ის კლინიკაში 27 თებერვლიდან იმყოფება და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობილია, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამ ეტაპზე ეპიდკონტაქტებს იკვლევენ, ანუ ეძებენ ადამიანებს, ვისთანაც, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონოდა, იქნება ეს ფრენის დროს, აეროპორტში, სახლში თუ სხვა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, 28 თებერვალს კი მეორე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. პირველი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ის საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევაში კი ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა, რადგან მანამდე სიმპტომები არ ჰქონდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები