ქრთამის აღება

ქრთამის აღების გამო ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას სუს-ი ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ბორჯომის მერის მეგობარიც.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა", - ამბობენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ იცოდა ბორჯომის მერის მეგობარმა, გ.უ-მ, თუმცა მან სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

ინფორმაცია ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ გუშინ, 28 თებერვალს გავრცელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს მხოლოდ დღეს, 29 თებერვალს დაადასტურა.

გამოძიება, რომელსაც ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები