უკრაინა

უკრაინის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ წერილი მეორედ დაწერა - უკრაინული მედია

ალექსეი გონჩარუკი

უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა გადადგომის შესახებ წერილი მეორედ დაწერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის გათავისუფლებას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სიახლეების სააგენტოები ავრცელებენ.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გონჩარუკი წასვლას აპირებდა, თუმცა წყაროს სხვა დეტალი არ გაუმხელია. ზელენსკიმ ოთხშაბათს, 4 მარტს პარლამენტის საგანგებო შეხვედრა დანიშნა. 

გასულ კვირას გონჩარუკმა წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ასევე უარყო, რომ ეს საკითხი ზელენსკისთან განიხილა.

უკრაინული მედია წერს, რომ ზელენსკი გონჩარუკის შესაძლო ჩამნაცვლებლად ბიზნესმენს და იანუკოვიჩის დროს ყოფილ ვიცე პრემიერს, სერგი ტიგიპკოს განიხილავს. ზელენსკიმ მასთან შეხვედრა გამართა, თუმცა რატომ - ეს არ დაუკონკრეტებია.

მის შესაძლო ჩამნაცვლებლად ბიზნესმენ ვალერი ხოროშკოვსკისაც განიხილავენ. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ გონჩარუკის შესაძლო წასვლის შემდეგ პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვიცეპრემიერი დენის შმიგალი იქნება. 

როგორც მედია წერს, გონჩარუკს აღიზიანებს, რომ მისი შესაძლო ჩანაცვლება საჯაროდ განიხილება და ზელენსკი ალტერნატიული კანდიდატების განხილვაზე უარს არ ამბობს. 

უკრაინულ მედიაში ვკითხულობთ, რომ გონჩარუკმა გადადგომის საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს დენის მალიუსკს ოლიგარქ იგორ კოლომოისკის თანდასწრებით შეხვდა, სადაც ზელენსკიმ მინისტრი გააკრიტიკა. ადრე მალიუკი და გონჩარუკი ეფექტური რეგულაციების ორგანიზაციაში (BRDO) ერთად მუშაობდნენ და მას პრემიერმინისტრთან დაახლოებულ პირად განიხილავენ.

ზელენსკის კოლომოისკისთან საეჭვო კავშირის ქონაში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ადანაშაულებენ. ოლიგარქი უკრაინის ერთერთ წამყვან ტელევიზიას "1+1" ფლობს, რომელიც ზელენსკის კამპანიას მხარს უჭერდა. კოლომოისკის თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთავრობასთან. მისი PrivatBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. ზელენსკი უარყოფდა მოსაზრებას, რომ ის კოლომოისკის PrivatBank-ის დაბრუნებაში ან კომპენსაციის მიღებაში დაეხმარებოდა.

როგორც Kyiv Post წერს, რამდენიმე თვის წინ ოლიგარქის ფეროშენადნობის საწარმო სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის Centrenergo ერთადერთი შემსყიდველი იყო და ელექტროენერგიას იაფად ყიდულობდა. ასევე ივლისიდან Centrenergo-მ ქვანახშირის შესყიდვა მხოლოდ კოლომოისკისთან დაკავშირებული საწარმოებიდან დაიწყო.

როგორც zn.ua წერს, პრეზიდენტი გონჩარუკს 28 თებერვალს შეხვდა, რა დროსაც მან ენერგოკომპანიების სამი ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჰკითხა, ასევე, საუბარი იყო Centrenergo-ზე, რომლესაც კოლომოისკისთან დაკავშირებული პირები მართავდნენ. ზელენსკიმ მას უთხრა, რომ ოლიგარქი კოლომოისკი საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილო იყო და ჰკითხა, რატომ მოიქცა ასე. გონჩარუკმა კი უპასუხა, რომ მას პოლიტიკის ზოგადი მიმართულება არ ესმოდა - კოლომოისკისთან ერთად იბრძოდნენ თუ არა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობებს აუმჯობესებდნენ თუ აფუჭებდნენ. 

გამოცემა წერს, რომ Centrenergo წამგებიანი კომპანია გახდა - 2019 წელს კომპანიიზ ზარალი შესაძლოა 2.5 მილიარდი უკრაინული გრივნა იყოს.

ორი დღის წინ კომპანიის ხელმძღვანელად ალექსანდერ კროჩინსკი დაინიშნა და ოლიგარქმა ენერგოკომპანიაზე კონტროლი შესაძლოა სრულიად დაკარგოს. როგორც გონჩარუკმა ადრე განაცხადა, Centrenergo სახელმწიფო საწარმოების "დიდ პრივატიზაციის" ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. 

ამას გარდა, მედიაში წერენ, რომ მას შემდეგ, რაც 11 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ზელენსკიმ ანდრეი ერმაკი დანიშნა, გონჩარუკის პოზიცია მნიშვნელოვნად დასუსტდა - პრეზიდენტის აპარატის წინა უფროსი ანდრეი ბოგდანი პრემიერმინისტრის ინიციატივებს მეტად უჭერდა მხარს.

ზელენსკის ხალხის მსახურის პარტიას უკრაინის რადაში უმრავლესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკის პრემიერმინისტრის გადაყენება ისე შეუძლია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების თანხმობა არ სჭირდება. 

თავდაპირველად, უკრაინის პრემიერმინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე 17 იანვარს დაწერა. ზელენსკიმ გონჩარუკს "შანსი მისცა" და გადადგომის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა.

კომენტარები