იდლიბის პროვინცია

ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში თურქეთის თავდასხმას ჰეზბოლას 9 წევრი ემსხვერპლა, დაჭრილია 30

AJ

28 თებერვალს, საღამოს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში თურქეთის თავდასხმას ჰეზბოლას 9 წევრი ემსხვერპლა, დაჭრილია 30. ამის შესახებ Reuters ასადის მომხრე რეგიონალური ალიანსის მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, თურქეთმა რაკეტებითა და დრონებით მიზანში ამოიღო იდლიბში, ქალაქ სარაკიბთან არსებული ჰეზბოლას შტაბი.

27 თებერვალს სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა და კიდევ 32 დაიჭრა.

თურქეთმა თავდასხმას ასადის ძალების პოზიციებზე დარტყმებით უპასუხა. თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა. ბრიუსელში თურქეთის თხოვნის სირიის საკითხზე კონსულტაციისათვის NATO-ს ელჩები შეიკრიბნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში ძალადობის დე-ესკალაციას მხარი დაუჭირა და სირიის რეჟიმს, რუსეთსა და ირანს თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.

თავდასხმის შემდეგ სატელეფონო საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორისაც შედგა. ლავროვის თქმით, მხარეები მზად არიან იდლიბის პროვინციაში კოორდინაცია გააგრძელონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსეთს ამ დროს საჰაერო დარტყმები არ განუხორციელებია, სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებულების მიმართულებით ისროდნენ და თურქეთს იმ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ გაიგეს, თურქეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის სირიის ძალებს მოუწოდეს თავდასხმის შეჩერებისაკენ, რათა თურქეთს დაჭრილთა ევაკუაცია მოეხდინა.

კომენტარები