კორონავირუსი

კორონავირუსის გამო აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი 2 კვირით ჩაკეტა

კორონავირუსის გამო დღეიდან, 29 თებერვლიდან აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღეს. საზღვარი დღეს 16:00 საათიდან ჩაიკეტა.

აზერბაიჯანმა ეს საკითხი ირანთან განიხილა და მათ გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. 

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური გასასვლელი ირანელი მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანიდან ირანში გასამგზავრებლად და ირანში მყოფი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის უკან დასაბრუნებლად.

საქართველოში ამჟამინდელი ინფორმაციით, სამ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.

კორონავირუსით ინფიცირებული მესამე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მას ჰქონდა კონტაქტი იმ ადამიანთან, რომელიც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პირია და რომელიც, ასევე, ირანიდან ჩამოვიდა.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 83 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,800-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 78 000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 3700 შემთხვევაზე, საიდანაც 57 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები