დადგენილება 520

ჯანდაცვის მწვავე კრიზისი - 520-ე დადგენილების უკვე დამდგარი და მოსალოდნელი ზიანი

აკა ზარქუა
0 კომენტარი

520-ე დადგენილების მიღებიდან სამი თვე გავიდა. ახალი დადგენილების ფარგლებში, სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას გარკვეულ მომსახურებებზე გათანაბრებული ტარიფები თავად დაუდგინა. სამინისტროს მიერ დაწესებული ახალი ტარიფების უმეტესობა იმავე სამინისტროს მიერ მანამდე დადგენილ განაკვეთებზე დაბალია.

ცვლილებას მალევე პროტესტი მოჰყვა კლინიკების მხრიდან, რადგან დადგენილი ტარიფები, რიგ შემთხვევაში, ჩამოუვარდება მომსახურების საბაზრო ღირებულებას. აქამდე მოქმედი ტარიფები 2013 წელს იყო დადგენილი. 

ჯერ კიდევ თამაშის ახალი წესების ამოქმედებამდე, 26-მა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართა, 6 თვით გადავადებულიყო დადგენილების ამოქმედება. სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისა და სფეროს ექსპერტების თხოვნა მთავრობამ მაშინ არ გაითვალისწინა და დადგენილება 520 ძალაში 21 ნოემბერს შევიდა. 

სამი თვის თავზე, 21 თებერვალს, სამედიცინო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით მთავრობას დაბრუნებოდა საკითხის განხილვას. 

"ეს მიდგომა გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია დადგენილება, აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დარგების (განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას", — ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 37 სამედიცინო ასოციაცია აწერდა. 

"კლინიკები ვერ გვარწმუნებენ იმაში, რომ ახალი ტარიფებით ვერ მუშაობენ, მეტი მტკიცებულება გვჭირდება ჩვენ ამისათვის, იმიტომ რომ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზე და ეს არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა", — განაცხადა საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

უნდა ითქვას, რომ სწორედ ბიუჯეტთან არასათანადო და გაუაზრებელმა დამოკიდებულებამ შექმნა ცვლილებების საჭიროება. 520-ე დადგენილება ოცნების მთავრობის მთავარ მიღწევად მიჩნეული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მცდარი გამოძახილია. 2013 წელს დავით სერგეენკოს მიერ წამოწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა რომ კრახისთვის იყო განწირული ამაზე, არაერთი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი თავიდანვე მიანიშნებდა. 

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების პირველივე დღიდან, 2013 წლის პირველი ივლისიდან, პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთანავე, უკლებლივ ყოველი წლის ბოლოს საჭირო იყო თანხის დამატება. როგორც წესი, პროგრამის ბიუჯეტი მესამე კვარტალში იწურებოდა.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • 2013 წელი — 70 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი — 338 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 200 მილიონი;
  • 2015 წელი — 573 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 470 მილიონი;
  • 2016 წელი — 623 მილიონი ლარი. თავდაპირველი გეგმა — 570 მილიონი;
  • 2017 წელი — 700 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 660 მილიონი;
  • 2018 წელი — 760 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 713 მილიონი;
  • 2019 წელი — 765 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი.

ამგვარად, ბოლო 6 წელიწადში საყოველთაო ჯანდაცვაზე ქვეყანამ 3,8 მილიარდი ლარი დახარჯა. უნდა ითქვას, რომ რეფორმის შედეგად მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ წლების განმავლობაში ამით უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, სისტემის ამოქმედებამ ჯანდაცვის ისედაც პრობლემურ სფეროში უამრავი ახლი სირთულე წარმოქმნა. 

რეფორმას იმთავითვე აკლდა ხარჯების სათანადო აღრიცხვა და ამ ხარჯების ეფექტურობის მონიტორინგი. დაინერგა ე.წ. ერთი შემსყიდველის პრინციპი, რომლითაც კლინიკებსა და პაციენტებს შორის ერთადერთ გამტარად სახელმწიფო დარჩა. სფეროდან თითქმის სრულად განიდევნა კერძო დაზღვევა, რომელიც იმ დროისთვის ჯანდაცვაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა.

მარტივად რომ აღვწეროთ, სახელმწიფო არ ყიდულობდა სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო კომპანიისგან, იგი პირდაპირ ურთიერთობდა სამედიცინო დაწესებულებასთან. აქ იქმნებოდა ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი- სახელმწიფო თავად ყიდულობდა სერვისს და დავების შემთხვევაში არბიტრის ფუნქციასაც ითავსებდა. 

პროგრამის არასათანადოდ განსაზღვრულმა მიზნობრიობამ და არახარჯთეფექტურობამ, ცვლილების საჭიროება შექმნა. სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხს წარმოადგენს 520-ე დადგენილება, თუმცა ახალი წესების ამოქმედებიდან სამი თვის თავზე ცხადზე ცხადია, რომ დადგენილებამ ეგზისტენციალური სახის პრობლემები წარმოქმნა. 

ახალი ტარიფების ფონზე, კლინიკებში შემცირებულია გეგმიური და მწვავე ოპერაციების მაჩვენებელი. ყველაზე მძიმედ 520-ე დადგენილების ეფექტი კარდიოლოგიაში იგრძნობა.

ტაბულა საკითხზე სასაუბროდ თბილისის გულის ცენტრის ხელმღვანელს არჩილ ჩუხრუკიძეს დაუკავშირდა.

"მოგვიწია რაღაც რაოდენობით ადმინისტრაციული პერსონალის შემცირება, ასევე 25%-ით შევამცირეთ მედპერსონალის ხელფასები, მათ შორის ადმინისტრაციისაც. ვერ ვაკეთებთ ბევრ გეგმიურ ოპერაციას, ბევრი ჩარევა და სერვისი გაჩერებულია. არის ოპერაციები, მაგალითად ბიოლოგიური სარქველის და დეფიბრილატორის იმპლანტაცია - რომელიც ჩვენს კლინიკას ბოლო სამი თვის განმავლობაში არცერთხელ გაუკეთებია. მანამდე, ასეთ ოპერაციებზე, ჩვენს კლინიკაში თვეში დაახლოებით 10 პაციენტი მოდიოდა", — ამბობს თბილისის გულის ცენტრის ხელმძღვანელი. 

მძიმე ვითარების ოდნავ შემსუბუქებაზე საუბროს კლინიკა გულის დირექტორი და მთავარი ექიმი, ანზორ მელია. 

"მე არ მომიწერია ხელი სამედიცინო ასოციაციების წერილისთვის. ჰონორარის სისტემის დანერგვამ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. გაჩერებულები ვიყავით, ისეთ შავ დღეში ვიყავით კლინიკის დირექტორები, ექიმები. პაციენტის ახლობლები ითხოვდნენ, რომ ჩვენ დავამატებთ თანხასო და ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. ასე რომ აგვეღო ფული კანონს დავარღვევდით", — ამბობს მელია. 

ჰონორარის სისტემა, რომელზეც კლინიკა გულის ხელმძღვანელი საუბრობს თავიდან დადგენილებით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა სახელმწიფოსა და სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ საკითხზე თანხმობა შედგა. ცვლილების მიხედვით, პაციენტს საშუალება ეძლევა აირჩიოს ექიმი და საყოველთაო ჯანდაცვასა და ოპერაციის ღირებულებას შორის ტარიფი საკუთარი ჯიბიდან დაფაროს.

მცირე ცვლილების მიუხედავად, კლინიკა გულშიც, დაახლოებით იგივე ტენდენციები შეიმჩნევა, რაც სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. "ოპერაციების რაოდენობა ამ დროისთვის, სადღაც 20%-ით მაინც არის შემცირებული, თუმცა 80%-მდე იყო შემცირებული სანამ ცვლილება შევიდოდა. ეს შემცირება ეხება როგორც გეგმიურ ოპერაციებს, ასევე, მწვავე ჩარევებს", — ამბობს ანზორ მელია.

ანზორ მელიას თქმით, მას ჯერჯერობით თანამშრომლების რაოდენობა არ შეუმცირებია, თუმცა 10%-ით შეამცირა ხელფასები ქირურგიაში. 

ვითარების მოსალოდნელ გაუარესებაზე საუბრობს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი.

"როგორც იცით ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებთან ანგარიშსწორების დროს ექვსთვიანი შუალედი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით ანაზღაურებას ვიღებთ ძველი ტარიფით, რაც შედარებით ადამიანურია. აპრილიდან, როდესაც ნოემბრის თანხის ჩარიცხვა უკვე შემცირებული ტარიფით მოხდება, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. რეალური ფინანსური კრიზისი ამ დროს დაიწყება", — ამბობს კალოანი.

ვახტანგ კალოანის თქმით, ახალი დადგენილების ფინანსური ეფექტი სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლებზე სრულად აპრილი-მაისის პერიოდში აისახება. რაც შეეხება უკვე დამდგარ შედეგს, კალოიანის თქმით, კარდიოქირურგიის სეგმენტის შემოსავლები 10 მილიონი ლარით, ხოლო რეანიმაციულის - 30 მილიონით არის შემცირებული.

ვახტანგ კალოიანს ჰონორარების სისტემის დანერგვაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, ცვლილება უმნიშვნელოა და სამედიცინო პერსონალის მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება, ხოლო მისი შემოღების მიზანი სხვა რამეში მდგომარეობდა.

"დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს და კლინიკებს ჰონორარის უფლება დაუტოვეს. ჩემი აზრით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩაეცხროთ სამედიცინო საზოგადოების უკმაყოფილება. ჰონორარები გავლენიან ექიმებს და მთავარ ქირურგებს ეხებათ, საშულო და ჩვეულებრივ სამედიცინო პერსონალს შეღავათი არ აქვს. მათ უნდოდათ, რომ ამ ნაბიჯით გაეჩუმებინათ გავლელიანი კარდიოლოგები და კარდიოქირურგები, თუმცა კოლეგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დაყვნენ და პროტესტი მაინც ძლიერია.",— აცხადებს კალოანი.

"ოპერაციები რა თქმა უნდა შემცირდა და შემოსავლებიც შემცირდა, თუმცა სამსახურიდან ჯერჯერობით არავინ გაგვიშვია", — განგვიცხადეს კლინიკა ღია გულში, თუმცა კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავი შეიკავეს.

დადგენილების ძალაში შესვლიდან მალევე მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭო შეიქმნა, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უძღვება. 

რესპოდენტების თქმით, საბჭოს ორთვიანი მუშაობას ჯერჯერობით არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

"რაც შეეხება შეხვედრებს, რეალურად არაფერი შეცვლილა, იმ საკითხზეც კი რაზეც შეცდომა აღიარეს. პეისმეკერთან დაკავშირებით იმასაც კი არ აკეთებენ და ამბობენ, რომ იკვლევენ ბაზარს. ანუ, ჯერ დადგენილება მიიღეს, მიუთითეს ფასი და ეხლა გვეუბნიან, რომ ბაზარს იკვლევენ", — ვახო კალოიანი. 

თბილისის გულის ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ ჩუხრუკიძის თქმით, ერთ თვეზეა მეტია, მთავრობას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. "კომუნიკაციასთან დაკავშირებით, 10 იანვრის მერე არაფერი არ ყოფილა, დღეს დილით მოვიდა მეილი მინისტრის მოადგილისგან, - რაღაც უცნაურობებს გვწერენ. გვეუბნებიან რომ ბაზარს იკვლევენ", — განაცხადა ჩუხრუკიძემ. 

ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მომავალ კვირებში 520-ე დადგენილების მსგავსი დოკუმენტები ძალაში შევა ოფთალმოლოგიისა და კიდევ 7 სხვა პროფილური მიმართულებით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები