კორონავირუსი

ხუნდაძე საკარანტინო ზონებზე: შესაძლოა იყოს ხარვეზი, თუმცა ზოგჯერ ჭარბი ემოციითაა გამოწვეული

"შესაძლოა სადმე მცირედი ხარვეზები იყოს, მაგრამ ზოგჯერ ეს ჭარბი ემოციებით არის გამოწვეული", - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, საკარანტინო ზონებში არსებულ სიტუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას. 

"მე ვხედავ ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობებს. მე ვფიქრობ ეს არის ზეპარტიული და ყველა უნდა შევეცადოთ ყველამ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და დავიცვათ ქვეყანა, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება", - ამბობს ხუნდაძე.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომელებიც კარანტინში არიან და მოუმზადებელი პირობები დახვდათ. მისი თქმით, ექსტრემალურ პირობებში მუშაობენ.

უკვე მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია კარანტინში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობაზე. ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი წერს, რომ კლინიკა ლანცეტის შენობაში, სადაც მისი და გადაიყვანეს, ოთახებში სიცივეა და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. 

ევროპული საქართველო ავრცელებს ერთ-ერთი მოქალაქის ხმის ჩანაწერს, რომელიც ასევე სიცივეზე და უყურადღებობაზე საუბრობს. 

"გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა, სრულიად გადაყინული ვარ, დერეფნებში ისე ცივა, გასვლასაც ვერ ვახერხებთ. არავინ არ გამოჩენილა საერთოდ, ღამით კიდევ ვიღაცები მოიყვანეს მგონი. ვერავის ვერ ველაპარაკებით, ვაპირებ პოლიციას ველაპარაკო, ისე უსუსურად ვარ", - ამბობს მოქალაქე ჩანაწერში.

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოში სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, მათი ნაწილის გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, დაახლოებით ასამდე ადამიანი არის იზოლაციაში საჩხერეში, აბასთუმანსა და თბილისში არსებულ საიზოლაციო სივრცეებში.

კომენტარები