რუსეთში მოსკოვსა და სხვა ქალაქებში რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავზე პუტინის საწინააღმდეგოდ მსვლელობა გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის White Counter ინფორმაციით, მოსკოვის მსვლელობაში დაახლოებით 22 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოსკოვის პოლიციის განცხადებით, მსვლელობაში დაახლოებით 10 500 პირი მონაწილეობდა.
გასული წლის ზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც მომიტინგეები თავისუფალ არჩევნებს ითხოვდნენ, ეს ყველაზე დიდი საპროტესტო მსვლელობა იყო.
ორგანიზატორების თქმით, ამ მსვლელობით იხსენებდნენ და პატივს მიაგებდნენ ბორის ნემცოვს და ამავდროულად აპროტესტებდნენ პუტინის დაგეგმილ კონსტიტუციურ ცვლილებებს.
"სამუდამოდ პუტინს - არა"; "არა ძალაუფლების უზურპაციას" - ვკითხულობთ ბანერებზე.
მსვლელობის მიმდინარეობისას მასობრივი დაკავებები არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე აქტივისტი დაიჭირეს.
სანქტ-პეტერბურგის მსვლელობაში დაახლოებით 8 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციები გაიმართა ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში და სხვა ქალაქებში.
ოპოზიციონერმა ვლადიმერ კარა-მურზამ Twitter-ის პოსტით მადლობა გადაუხადა მონაწილეებს - "უამრავი ადამიანი მოვიდა დღეს. მადლობა ყველას, ვინც მოხვედით. ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ ის ახსოვთ".
ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.
ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.