კორონავირუსი საქართველოში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო: გაუქმდეს მასობრივი თავშეყრის ყველა საჯარო ღონისძიება

საქართველოს მთავრობა

გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს - ასეთია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით გამართული საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. 

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის, განცხადებით, ქვეყნის მთელი ტერიტორია, საზღვრებისა და ყველა იმ ადგილის ჩათვლით, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხის ალბათობა არსებობს, კონტროლზეა აყვანილი. 

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას,"- თქვა სუბარმა. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, 16 მარტამდე არდადეგები გამოცხადდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები სკოლებშიც. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები