საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: ოპოზიციამ მიზეზი თუ არ მოიგონა, ჩავთვალოთ რომ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდებით

ტაბულა

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა, დახვეწილი, სამართლიანი და პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა მოიფიქრა. ამის შესახებ მან ქართულ ოცნებაში სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, სადაც საარჩევნო სისტემასა და ოპოზიციისთვის შესათავაზებელ მოდელზე ისაუბრეს. 

მდინარაძე ამბობს, რომ "თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს", შეიძლება ჩაითვალოს, რომ შეთანხმება შედგა. 

"მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტება მისცენ საზოგადოებას, რატომ თქვეს უარი რამდენიმეგვარ დაზღვევის მექანიზმზე, რომელიც გამორიცხავდა მათ წუხილს"- ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ქართული ოცნება პარლამენტში ვერ გაიტანს და თუ შეთანხმება ვერ შედგა, არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით. 

ახალი შეთავაზების დეტალებზე, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც არ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც კობახიძისვე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი "შედეგობრივად პროპორციული სისტემის იდენტურია". საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ დროისთვის "ოპოზიციის მეორე ნაწილსა" და ხელისუფლებას შორის შეთანხმება "ობიექტურად შესაძლებელია", ხოლო იმ პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას "ხელს შეუშლის" საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების ახსნა. 

კომენტარები