კორონავირუსი

სერია C-ში კორონავირუსის დაფიქსირების გამო იუვენტუსმა წვრთნები გააუქმა

მატჩი იუვენტუსსა და პიანეზეს შორის

გამოცემა Forbes-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბმა იუვენტუსმა საწვრთნელი შეკრებები გადადო და 23 წელს ქვემოთ კატეგორიაში მყოფი ყველა ფეხბურთელი კარანტინში მოათავსა მას შემდეგ, რაც სერია C-ში მოწინააღმდეგე გუნდის პიანეზეს სამ ფეხბურთელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

კლუბმა გადაწყვეტილების შესახებ 29 თებერვალს გაასაჯაროვა. მათი განცხადებით, 23 წელს ქვემოთ კატეგორიაში მყოფი მოთამაშეები 8 მარტამდე თვითიზოლაციას გაივლიან. ამასთან აღნიშნავენ, რომ არცერთ მათგანს ჯერჯერობით დაავადების სიმპტომი არ გამოვლენია. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში დადასტურებულად კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანია. 

კომენტარები