კორონავირუსი

იმნაძე დამსაქმებლებს: მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები 2 კვირა სამსახურში არ დაუშვათ

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე დამსაქმებლებს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში სამსახურებში არ დაუშვან თანამშრომლები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მაღალი რისკის ქვეყნებში იმოგზაურეს.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მან ადამიანებს, ვისაც სიმპტომი არ აქვს, მაგრამ იმყოფებოდნენ ჩინეთში, კორეაში, ირანსა და იტალიაში, თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

"ვინც ჩამოდის და არავითარი სიმპტომები არ აქვს, თხოვნა გვაქვს მათთან, ეს არის მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომ ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თანამოქალაქეებს და დარჩნენ სახლში, თვითიზოლაციის პირობებში. პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდების უმრავლესობა ამ დაავადებას საკმაოდ ადვილად გადაიტანს, პრობლემა არის ჩემი ასაკის ადამიანებისთვის, ამიტომ მოუფრთხილდნენ მშობლების თაობას და მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. იმ სამსახურის ხელმძღვანელებს, ვინც იციან, რომ მათი თანამშრომლები დაბრუნდნენ, ვთქვათ, იტალიიდან, უბრალოდ მოვუწოდებ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი არ დაუშვან სამსახურებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი გაიზრდება სხვა თანამშრომლებისთვისაც", - თქვა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველომ, ბევრი განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, კორონავირუსის შემთხვევები საზღვარზევე გამოავლინა და ამით ბევრ ადამიანს საფრთხე აარიდა. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს ერთი ადამიანისგან ვირუსის მეორეზე გადაცემა ქვეყნის შიგნით, რადგან შემდეგ სახელმწიფოს სხვა ეტაპზე გადასვლა მოუწევს.

ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მზად არის სახელმწიფო სხვა რეჟიმისთვის, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ახალი საავადმყოფოები მზადების პროცესშია.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე კორონავირუსზე ჯამში 150-მდე ადამიანია გამოკვლეული და ვირუსი მხოლოდ სამს დაუდგინდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს შეუძლიათ თავისუფლად დაბრუნდნენ სახლებში. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღეა და ამ პერიოდში შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს, ამიტომ ტარდება განმეორებითი ანალიზებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა ვაქცინაზეც და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსოფლიოში 20-მდე კომპანია მუშაობს, პარალელურად, 2 მარტს, ამერიკის პრეზიდენტი ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრას გეგმავს. თუმცა, პაატა იმნაძის თქმით, ამ სეზონზე ვაქცინა არ იქნება და ამის იმედი "ნუ გვექნება".

რაც შეეხება მედიკამენტებს, იმნაძე აღნიშნავს, რომ მუშაობა ამ საკითხზეც მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატი გამოიცდება, მათ შორის, C ჰეპატიტის პროგრამაში საქართველოს პარტნიორი კომპანია "გილეადის" წამალიც.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები