სახელმწიფო ბიუჯეტი

სახელმწიფომ ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანია 7 მილიონი ლარით დააფინანსა

თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს. 

საპარტნიორო ფონდმა კომპანია "გლობალ ბრენდი" 2017 წლის 6 მარტს დააარსა. საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და ძველი თანაპარტიელია.

"გლობალ ბრენდის" მიზანი ღვინის ახალი ბრენდის წარმოება და მისი აშშ-ში რეალიზაციაა. სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან მილიონი ლარი "საქართველოს კულტურისა და ხალხის არსში ჩასაწვდომად დაიხარჯა." რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა ბოთლის დიზაინზე და ბაზრის კვლევისთვის. 

ამავე დაფინანსებით შეიქმნა ბრენდის ისტორია და კომპანიის წარმოებული ღვინის "დაკარგული ედემის" სარეკლამო რგოლი

აშშ-ის ბაზრის ათვისება კომპანიას ორი წლის წინ უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. კომპანიის დირექტორი, ტარიელ ჩიჩუა, რომელიც თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძის რეკომენდაციით დაინიშნა, ამბობს, რომ ბაზარზე შესვლის პროცესი გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და სწორედ ეს გახდა დაგვიანების მიზეზი. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 198 ათასი ლიტრიდან 500 ათას ლიტრამდე გაიზარდა. გასულ წელს აშშ-ში ღვინო ექსპორტზე 330 კომპანიამ თუ კერძო პირმა გაიტანა, თუმცა მათ რიცხვში ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით 7 მილიონით დაფინანსებული კომპანია.

ამ დროისთვის, ლევან გაჩეჩილაძე აშშ-ის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებლად კიდევ 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითხოვს.

"ჯობსმა ეძება, ეძება,- არავინ არ აფინანსებდა, საბოლოოდ იპოვა დამფინანსებელი და დღეს პირველი კომპანია არის Apple", — აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე. 

ლევან გაჩეჩილაძე ამ დროისთვის კომპანიის კონსულტანტის პოზიციას იკავებს. 2018 წელს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კერძო აუდიტორულ კომპანიას საპარტნიორო ფონდის პროექტები შეაფასებინა. აუდიტის მიხედვით, კომპანია გლობალ ბრენდი ყველაზე დაბალ, D კატეგორიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან მოგებას სრულად სავარაუდოდ ვერ ამოიღებს. 

პროექტის წარმატების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძეს მისი გამოსყიდვა შეუძლია, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალი საპარტნიორო ფონდის, ანუ სახელმწიფოსი იქნება.

"სახელმწიფომ აიღო რისკი, კი ბატონო, მაგრამ ეს რისკი არის ასაღები თუ გინდა, რომ შენმა მოსახლეობამ კარგად იცხოვროს, ესეთი რისკები არის ასაღები და ეს არის სწორი რისკი", — ამბობს ლევან გაჩეჩილაძე.

კომენტარები